ეკონომიკა
20/12/2021

factcheck: საჯარო მოხელეებს 10%-ით ზრდის მიუხედავად, 2017 წელთან შედარებით ხელფასი შეუმცირდებათ

2022 წლიდან საჯარო სექტორში ნომინალური ხელფასი 10%-ით იზრდება, რეალური ხელფასი კი 2.6%-ით მცირდება - ასეთ დასკვნამდე factcheck-ი მივიდა.

Factcheck-მა საჯარო სექტორში არსებული ხელფასები გაანალიზა და დაასკვნა, რომ რეალური ზრდა ვერ მოხდება.

პლატფორმის მიერ მომზადებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2017 წლიდან საბაზისო ხელფასი 1000 ლარია. საშუალოწლიური ინფლაციის გათვალისწინებით, 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, რეალური საბაზისო ხელფასი 19%-ით არის შემცირებული და 2017 წლის ფასებში, 810 ლარს შეადგს. 

„ეს ნიშნავს რომ 2021 წელს, ნომინალური ხელფასის 10%-ით ზრდის მიუხედავად, რეალურად, 2017 წელთან შედარებით, საჯარო მოხელეებს ხელფასი შეუმცირდებათ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმაზე ნაკლები საქონლის და მომსახურების შეძენას შეძლებენ, რასაც 2017 წელს ახერხებდნენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წლისთვის წლიური ინფლაცია 13% იქნება, თუ დავუშვებთ, რომ ასე მოხდა, მაშინ 2021 წლის დასაწყისთან შედარებითაც კი, 2022 წელს უკვე გაზრდილი 1100 ლარიანი ნომინალური ხელფასი, რეალურად 973 ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის დასაწყისში, საჯარო მოხელე 1000 ლარით რეალურად უფრო მეტ პროდუქტს შეიძენდა, ვიდრე 2022 წელს 1100 ლარით იქნება შესაძლებელი.

აქედან გამომდინარე, 2022 წელს საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდა ნომინალში კი გაზრდის ხელფასს და 1000 ლარის ნაცვლად საბაზო ხელფასი 1100 ლარი გახდება, მაგრამ წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ხელფასი 2.6%-ით შემცირდება, უფრო მარტივად, 2022 წელს საჯარო მოხელის გაზრდილ საბაზო ხელფასს, 2021 წელთან შედარებით, 2.6%-ით ნაკლები მსყიდველუნარიანობა ექნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე რომ საჯარო მოხელეების ხელფასები, საშუალოწლიური ინფლაციის გათვალისწინებით, 2017 წელთან შედარებითაც კი შემცირებულია“, - ნათქვამია სტატიაში.

2022 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებისთვის 1,8 მლრდ ლარია გათვალისწინებული. დასაქმებულთა რაოდენობა  112,752 ადამიანს შეადგენს.

 

Businesspartner