ევროპული ბიზნეს ასოციაცია: საქართველომ ინვესტორების მოსაზიდად ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს
Covid-19-მა ინვესტორებისთვის რისკები გაზარდა და მსხვილი კაპიტალდაბანდების შემაფერხებელი ფაქტორიც გახდა.
ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ ის ნიშა, რომელიც ქვეყანას პანდემიამდე პერიოდში ეკავა, ახლა უკვე საკმარისი აღარ არის და ქვეყანამ ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ინვესტორების მოსაზიდად.
"გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა, საქართველო კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს და ინვესტორებისთვის სპეციალური შეთავაზებები შეიმუშაოს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რა შეღავათებით ისარგებლებენ ისინი საქართველოში კაპიტალდაბანდების შემთხვევაში.
თუმცა პირველ რიგში, არსებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. ნებისმიერი ინვესტორი, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლას, სტატისტიკით იწყებს. საქართველოს კი სტატისტიკის, მონაცემების პრობლემა ყოველთვის ჰქონდა. მაგალითად, ის ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებული არიან უძრავი ქონების ბაზარზე კაპიტალის დაბანდებით, მათთვის შესაძლებელი არაა სრული სურათის დანახვა, თუ რა ვითარებაა ქართულ ბაზარზე უძრავი ქონების გაქირავების კუთხით. არის რამდენიმე კომპანია, რომელიც პერიოდულად კვლევებს აქვეყნებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის ინვესტორისთვის," - აღნიშნავს "ბიზნესპარტნიორთან" ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის წევრი ზურაბ ერისთავი.
მისივე განმარტებით, ქვეყანამ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააძლიეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა შესუსტდება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.