ევროპაში ჩინეთიდან საქართველოს გავლით - Maersk-მა ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება დაიწყო
ევროპაში ჩინეთიდან საქართველოს გავლით - Maersk-მა ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება დაიწყო, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური აზიის გავლით აკავშირებს.
A.P. Moller – Maersk-ის ახალი სერვისის მიხედვით, მატარებელი ჩინეთის სხვადასხვა ლოკაციიდან ევროპას დაახლოებით 40 დღეში ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის გავლით უკავშირდება.
ჩინეთსა და ყაზახეთს შორის მდებარე ხორგოსის საზღვრის გავლის შემდეგ კონტეინერები სარკინიგზო გზით გადაადგილდებიან აქტაუს სადგურამდე, სადაც ისინი სატვირთო გემზე იტვირთებიან ბაქოში, აზერბაიჯანში გასაგზავნად, იქიდან კი კონტეინერები სარკინიგზო ხაზით მოემართება საქართველოში, ეიპიემ ტერმინალს ფოთში, სადაც კონეტინერები იტვირთება გემებზე კონსტანცის, რუმინეთის მიმართულებით. ამის შემდეგ, ტვირთი სარკინიგზო ხაზით მიემართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
„მომხმარებლების დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვამზადეთ განახლებული სერვისი და ამით ხელს შევუწყობთ მიმდინარე ლოგისტიკური გამოწვევების შემსუბუქებას. შუა დერეფანი უზრუნველყოფს ალტერნატიულ და ეკოლოგიურ ინტერმოდალურ კავშირს აზიასა და ევროპას შორის. შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურების 90%-ზე მეტი ელექტრიფიცირებულია,“ - განმარტავს მაია პარლაგაშვილი, მაერსკის
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორის იენ როულინსონის თქმით, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მიიღო Maersk-ის ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი პირველი ბლოკ მატარებლები. "ამ მარშრუტის დაარსება ხელს შეუწყობს ჩინეთისა და ევროპის დაკავშირებას სწრაფი, ეფექტური, საიმედო სერვისით, რაც თავის მხრივ ადასტურებს ეიპიემ ტერმინალს ფოთის მნიშვნელობას, როგორც შუა დერეფნის განვითარების ქვაკუთხედს,” - განმარტავს იენ როულინსონი.
Maersk-მა აღნიშნული მარშრუტის განვითარება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და უკვე აპრილში განახორციელა პირველი მარშრუტი ჩინეთიდან, რომელიც ძირითადად საავტომობილო და საყოფაცხოვრებო ინდუსტრიებს მოემსახურა.
მაია პარლაგაშვილის თქმით, დერეფანს აქვს საკმარისი ტევადობა და ის მისცემს ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას იქონიონ საიმედო ალტერნატიული გადაზიდვის მარშრუტი მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად.