ევროკავშირის მხარემ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა
29 ივნისს, ბრიუსელში, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი ქვე- კომიტეტის მე-2 თემატური ჯგუფის რიგით მერვე სხდომა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა - ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგისა და განხორციელებული პროცესების შეფასებას.
აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელებული საკითხების წარდგენის, დიალოგში მონაწილეობის მიზნით, სხდომაში მონაწილეობა მიიღო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ.
სხდომაზე ძირითად საკითხად განიხილეს - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, აღსრულების დინამიკა და გამოკვეთილი ტენდენციები. ევროკავშირის მხარემ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა. ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობდა.