ეკონომიკა
20/12/2021

ევროკავშირის მხარდაჭერით, ვაჭრობის ახალი ინსტრუმენტი Helpdesk-ი ამოქმედდა

ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი Helpdesk-ი ამოქმედდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ახალი ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს ბაზრის ახალი შესაძლებლობების მოძიებაში და საჭირო მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, ახალი პლატფორმა ევროკომისიის იმ ძალისხმევის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ითვალისწინებს მცირე ბიზნესისისთვის ვაჭრობის გაფართოებაში დახმარებას. ის მცირე ბიზნესს, ვაჭრობის ექსპერტებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ქსელის დახმარებით, ინდივიდუალური რჩევებით უზრუნველყოფს.

Helpdesk-ი წარმოადგენს ბაზარზე ხელმისაწვდომობის მონაცემთა ბაზის დანამატს, რომელიც ევროპულ კომპანიებს ეხმარება სავაჭრო შეთანხმებებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში რთული სავაჭრო წესების პრაქტიკული და მათზე მორგებული ინფორმაციის უზრუნველყოფის გზით.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის მხარდაჭერის სამსახური ამ მნიშვნელოვან რეგიონთან სავაჭრო კავშირების გაძლიერებაში დაგვეხმარება. რეგიონი ევროკავშირის 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია, ხოლო ევროკავშირი მის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, რომელზეც რეგიონის ვაჭრობის მთლიანი მოცულობის თითქმის მესამედი მოდის. ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“ - აცხადებს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, კომისარი ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისი.

Helpdesk-ი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Business ინიციატივის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის Helpdesk პროექტსა და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC), როგორც განმახორციელებელი პარტნიორის თანამშრომლობის შედეგად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის helpdesk-ი სამ პრინციპზეა აგებული:

შესაძლებლობების გამოვლენა: მომხმარებლების დახმარება რეგიონში და ევროკავშირთან ვაჭრობის ყველაზე პერსპექტიული ბაზრებისა და პროდუქტების გამოვლენის მიზნით. ბაზრისა და დარგების მიხედვით რეგიონში და ევროკავშირთან სავაჭრო მაჩვენებლებისა და პოტენციური ვაჭრობის შედარებით, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ბიზნეს გადაწყვეტილებებში დარწმუნება.

საბაზრო ინფორმაცია: მომხმარებლებისათვის ბაზარზე წვდომის იმ პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც მათ უნდა შეასრულონ კონკრეტულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გასატანად, აგრეთვე მათი დაკავშირება შესაბამის პარტნიორებთან თავიანთ ქვეყანაში ან სამიზნე ბაზარზე.

დახმარების ცენტრი: მომხმარებლების მხარდაჭერა პლატფორმიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, დამატებითი რესურსების მოსაძიებლად და შესაძლო კითხვებზე პასუხების მიღების მიზნით შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან დასაკავშირებლად.

Businesspartner