ევროკავშირი საქართველოს 3.9 მლრდ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს 3.9 მლრდ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებს საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გააცნო.
პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება შესანიშნავად პასუხობს იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის მიმართულებით.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან საყრდენად რეგიონში.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. საუბრისას ხაზი გაესვა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროკავშირის და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის შეზღუდვების შემსუბუქებისა და ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით. აღინიშნა, რომ ამ პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას და მდგრადობას.
შეხვედრაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის სრულად შესწავლისა და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმნის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებით, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და მთავრობა ამ მიმართულებით ძალისხმევას არ იშურებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.