ეკონომიკა
29/12/2020

"ელენერგიის გაძვირება გარდაუვალი იყო, ენერგოკომპანიები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ"

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის ახალ ტარიფებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ეხმაურება.

მისი განცხადებით, სემეკმა ელექტროენერგიის სექტორში ტარიფი ბოლოს 2017 წელს დაადგინა, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, სემეკს მოუწია გაეთვალისწინებინა გამანაწილებელი კომპანიების დავალიანებები, რომელიც უკვე 450 მილიონ ლარს აღემატება.

“ასევე ამას ემატება შემდგომი წლების საინვესტიციო ხარჯები და კოვიდპანდემიით გამოწვეული პრობლემები. შესაბამისად, ელექტროენერგიის ზრდა საგრძნობი და პრობლემატური იქნება განსაკუთრებით ბიზნესისთვის, რომელზეც გადავა ტარიფის ზრდის მნიშვნელოვანი წილი. ტარიფს რომ არ მოემატა, „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ გენერაციის თანხას ვეღარ გადაიხდიდნენ.

კომპანიებს გასული წლების ვალდებულებების შესასრულებლად იმდენი სესხი აქვთ უკვე აღებული, რომ ვეღარ ამატებენ არსებული დავალიანებების გასასტუმრებლად. ანუ რეგულატორი იძულებული გახდა ტარიფი გაეზარდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანიები ვეღარ იფუნქციონირებდნენ".-აცხადებს ვეფხვაძე.