ეკონომიკა
04/05/2023

ელექტრონული სიგარეტის სითხეებზე აქციზი გაიზარდა

„აქციზის ზრდა ამ ეტაპისთვის სითხეებს შეეხება, ანუ ელექტრონულ სიგარეტს, იმისთვის რომ თანაბარ პირობებში იყოს ჩვეულებრივ სიგარეტთან, რადგან მოხმარება იზრდება სითხეებზე და მისი ფასიც ბევრად ნაკლებია“- ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ შემოსავლების სამსახურის ზოგადი ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსმა იონა კიზირიამ, ელექტრონული სიგარეტის სითხეებზე აქციზის გაზარდასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცვლილებას მთავრობა იმით ხსნის, რომ ელექტრონული სიგარეტის სითხეები იმავე მიზნით გამოიყენება რა მიზნითაც, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები. ეს პროდუქცია კი ადვალური წესით იბეგრება. იგივე დაბეგვრის პრინციპი გავრცელდება თამბაქოს შემცველობით სიგარილებზე. მიზანი, როგორც ინიციატორები განმარტავენ, მსგავსი დანიშნულების საქონელზე დაბეგვრის ერთნაირი წესის შემოღება და ერთნაირი მიდგომის უზრუნველყოფაა.

"თუ საშუალოდ სტანდარტული სიგარეტის ღირებულება 7-8 ლარია, სითხეები უფრო მიზერული ღირებულებისაა. შესაბამისად, მომავალში აღნიშნული განაკვეთის ზრდას დაექვემდებარება. ცვლილება ამოქმედებულია და ცოტახანში გასაჯაროვდება კონკრეტული გადაწყვეტილებები. ასევე აქციზური მარკების დაბრუნებასთან დაკავშირებით არის სიახლე, მაგალითად, თუ იმპორტიორი შეიძენს აქციზურ მარკებს და 6 თვის განმავლობაში შესაბამისი საქონელი უნდა შემოსულიყო იმპორტზე, თუ პირობითად არ შემოვიდოდა საქონელი, იმპორტი უნდა დაებეგრა, გადასახადი მაინც უნდა გადაეხადა. ან 6 თვეში მარკები უნდა დაებრუნებინა, სხვა შემთხვევაში მიწოდებად ჩაეთვლებოდა. ზუსტად იგივე პროცესი გადმოდის ადგილობრივ წარმოებაში, თუ მწარმოებელი შეიძენს აქციზურ მარკებს და 6 თვეში ვერ გახარჯავს, უნდა დააბრუნოს ან მიწოდებაში ჩაეთვლება. თუმცა დავაზუსტებ, რომ შემდეგ როცა მიაწვდის, მოხდება მისი პროპორციულად გადაანგარიშება.“- ამბობს იონა კიზირია.

აღსანიშნავია, რომ დაბეგვრის ობიექტი და საგადასახადო ვალდებულებები ახლებურად განისაზღვრა.

„პრაქტიკაში ფიქსირდებოდა ისეთი შემთხვევები, რომ ფიზიკური პირი ახორციელებდა საქმიანობას, როდესაც ის  100 ათასს აცდებოდა, შეწყვიტავდა საქმიანობას და იგივე საქმიანობას აგრძელებდა ოჯახის წევრის სახელით. ამ ეტაპისთვის აუდიტორული შემოწმების დროს მოხდება ასეთი საქმიანობების ერთ პირად დაფიქსირება, დაითვლება ჯამურად ეს 100 000-იანი ზღვარი და დაიბეგრებიან. აქვე დავაზუსტებ, რომ ამ დეტალებს უკვე განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი “- იონა კიზირია.