ეკონომიკური ურთიერთობებისა და შუა კორიდორის განვითარება - დავითაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია და შუა კორიდორის განვითარების პერსპექტივა - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშილმა და ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ საქართველოს წარმატებით ახორციელებს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც დადებითად აისახება საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ევროკავშირის სახელმწიფოებთან.
ლევან დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში კიდევ უფრო გაიზრდება.
მხარეებმა იმსჯელეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, მათ შორის სამხრეთ კავკასიის დერეფნის მეშვეობით ევროპისა და აზიის ბაზრების დაკავშირებაზე, მათ შორისა, შავი ზღვის ენერგო კაბელის პროექტი, რომლითაც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკული გადამცემი ინფრასტრუქტურა ერთმანეთს დაუკავშირდება. ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ პროექტს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა იქნება და პროექტი დიდ როლს შეასრულებს ორივე რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნებაში.
რაც შეეხება ტრანსკასპიური, ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქართული მხარე დაინტერესებულია უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირთან ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში, რათა საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მეტად იყოს ინტეგრირებული ევროპულ სატრანსპორტო მარშრუტებში. აღნიშნული გაზრდის საქართველოს პორტების, რკინიგზისა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით ტვირთების გამტარუნარიანობას, რომლებიც მოძრაობს ევროპასა და აზიას შორის.
მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა EU4DIGITAL-ის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიმართულია საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებისკენ. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, გახდეს რეგიონის ციფრული მომსახურების ცენტრი. ამ მიზნით, განიხილება ქვეყანაში ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება და ევროპა - აზიის დამაკავშირებელ ციფრულ დერეფანში, რომლის ნაწილიცაა საქართველო, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა.