ეკონომიკა
19/10/2022

ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია

საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებიან თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - ალექსანდრე ხვთისიაშვილთან.

საქართველოში თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს შესაძლებლობების გამოყენებით თურქმენული პროდუქციის დასავლურ ბაზრებზე ეფექტური ექსპორტის საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, თურქმენულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. აგრეთვე, მოინახულებენ პორტებს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს, რათა ადგილზე შეისწავლონ არსებული შესაძლებლობები.

როგორც საგარეო უწყებაში ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგი, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საქართველო-თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების მიზნები.

"მადლობას ვუხდი საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობებს, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების და ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით აქტიური კომუნიკაციისთვის. მივესალმებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ მსურს, მინისტრის მოადგილეს, ბატონ ალექსანდრე ხვთისიაშვილს მადლობა გადავუხადო გულთბილი მიღებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თურქმენეთში. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ვიზიტები კვლავ შედგება. მზადყოფნას გამოვთქვამთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის", - განაცხადა თურქმენეთის სახელმწიფო სასაქონლო და ნედლეულის ბირჟის თავმჯდომარის მოადგილემ მესუდ ამანსარიევმა.