ეკონომიკური საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკური საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად უახლოეს პერიოდში გადასადგმელი ნაბიჯები, მათ შორის, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები, ექსპორტის პოტენციალი, ტურიზმი და სამრეწველო-სასურსათო მარაგები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წელს სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში დამატებითი მოცულობის დაკონტრაქტებას, რაც ქვეყანას გრძელვადიანი შესყიდვების საშუალებას მისცემს. საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც უახლოეს პერიდში გახდება ცნობილი.
სამუშაო შეხვედრაზე ტურიზმის აღდგენის მიმართულებით არსებული სიტუაცია განიხილეს.
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე დინამიკა დამაიმედებელია, კერძოდ, 2019 წელთან შედარებით ტურიზმის 70% -იანი აღდგენა ამ ეტაპზე პროგნოზის მიხედვით მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული სიტუაციისა, ქვეყნის სამრეწველო და სასურსათო პროდუქციის მომარაგების თვალსაზრისით შეფერხება არ არის. საუბარი შეეხო ლოგისტიკურ საკითხებს, ტრანსპორტის ნაკადებსა და ტვირთნაკადებს, რომელიც საქართველოში მზარდია და კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას მოითხოვს.