ეკონომიკის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყება - ნათია თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლებას ძალიან დატვირთული რეფორმატორული დღის წესრიგი აქვს, კერძოდ, ეკონომიკის ნაწილში ძალიან ბევრი რეფორმა მიმდინარეობს ან იგეგმება.
„ეს არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც მეტ ინვესტორს მოიზიდავს და მეტ ინვესტიციას მოგვიტანს, შესაბამისად, მეტ დასაქმებას შექმნის; ეს არის სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდა და ბევრი დღეს გაჩერებული სახელმწიფო აქტივის დაჩქარებული პრივატიზება, რაც ისევ და ისევ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის; ეს არის წიაღისეულის მოპოვების სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რეფორმა იმისთვის, რომ ის წიაღი, რომელიც დღესდღეობით ჯერ კიდევ ნედლეულის სახით გადის ექსპორტზე, ადგილზე მეტად გადამუშავდეს და ისევ და ისევ სამუშაო ადგილები შეიქმნება“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენა უკვე მომავალი, 2021 წლიდან დაიწყება. „ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილება და რეფორმა არის დაგეგმილი, რომლებიც ახლა, პირველ რიგში, დაგვაძლევინებს პანდემიით გამოწვეულ კრიზისს და ეკონომიკის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყება. და, რა თქმა უნდა, 2024 წლამდე დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ გაბედული განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.