ეკონომიკა ოქტომბერში 6.9%-ით გაიზარდა
ეკონომიკა ზრდის ტრენდს ინარჩუნებს.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, 2021 წლის 10 თვეში კი ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.5%-ია.
2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.
შეგახსენებთ, რომ საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს,
რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების
ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.