"ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის ტყვეობაშია, მის სწორ მართვაზეა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა"
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს ხედავს, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ პანდემია მძვინვარებს, სწორედ მის მართვაზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
„ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები და აქედან გამომდინარე შედეგები დამაიმედებელია. თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის ,,ტყვეობაშია“ და დღეს პანდემიის სწორ მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა. ამ მიმართულებით კი წვლილი თითოეულმა ჩვენთაგანმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გამოყოფილი თითოეული თეთრის რაციონალური ხარჯვა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკონტროლებთ,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.
ირაკლი კოვზანაძემ აქცენტი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის აპრილიდან მკვეთრად გაშლაზე და იმედი გამოთქვა, რომ ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გათვალისწინებით, დინამიური ზრდა გაგრძელდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუჯეტის რამდენიმე პარამეტრზე გაამახვილა ყურადღება:
„1.1 მლრდ ლარით (ანუ 6.1%-ით) იზრდება გადასახდელების გეგმური მაჩვენებელი და 19.5 მლრდ ლარს აღწევს. მინდა საზოგადოაბამ ყურადღება მიაქციოს, რომ კანონპროექტის მიხედვით 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზრდის (1.1 ლარის) ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 600 მლნ. ლარი, მოდის COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებებზე. სულ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 6 მლრდ. 93 მილიონი ლარი. აი ამხელა რესურსს ხარჯავს მთავრობა მხოლოდ ამ მიმართულებებით,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.