"დმანისის მეცხოველეობა" ფართოვდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენელს ჟაკ ფლურის და ჯგუფის პარტნიორი კომპანიის MG Law Officce თანადამფუძნებელს არჩილ გიორგაძეს შეხვდა.
ჟაკ ფლურიმ მინისტრის პირველ მოადგილეს აგროინდუსტრიული ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფრანგულ-ქართული აგროინდიუსტრიული ჯგუფის წევრი შპს „დმანისის მეცხოველეობის“ მიერ დმანისის სოფელ ყარაბულახში გახსნილი ფერმის გაფართოების საკითხს.
„ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფი გეგმავს, საქართველოში, მეცხოველეობის სექტორში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, რაც გულისხმობს დმანისში არსებული ფერმის გაფართოებას და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენებას. აღნიშნული მნიშვნელოვანია მესაქონლეობის სექტორში თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშწყობისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დმანისის სოფელ ზემო ყარაბულახში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი „დმანისის მეცხოველეობის“ ფერმა ქართულ-ფრანგული ინვესტიციით 2021 წელს გაიხსნა.
ამავე წელს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფრანგულ სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია საქართველოში წვრილფეხა მესაქონლეობის დარგის შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსებული პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს და რომლის შედეგების პრეზენტაცია 2023 წლის სექტემბერში იგეგმება.
ამასთან ერთად, 2023 წლის ოქტომბერში, საფრანგეთში დაგეგმილია მეცხოველეობის მასშტაბური გამოფენა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.