ეკონომიკა
25/04/2023

"დღეისათვის ბათუმის ნავსადგური მზად არის, რომ გაზრდილ ტვირთნაკადს მოემსხუროს"

პირველ კვარტალში ბათუმის პორტში საკონტეინერო ტვირთბრუნვის კლება, გასული წლის ბოლოს ტერმინალის გადატვირთვას უკავშირდება.

როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ბათუმის ნავსადგურში გადაიარაღების პროცესი დასრულებულია და პორტი დღეისათვის უკვე მზად არის, რომ გაზრდილ ტვირთნაკადს მოემსახუროს.

„როგორც იცით, კონტეინერების მიმართულებით ფასებმა იკლო და შესაბამისად, ჩვენს დერეფანში ტვირთებმაც მოიმატა. ბათუმს რაც შეეხება, აქ წინა წლის დეკემბერში გადავსებული იყო ტერმინალი და შესაბამისად, ტვირთები გადამისამართდა ფოთში. თანდათან სტაბილურდება ბაზარზე მდგომარეობა და ჩვენ იმედი გვაქვ, რომ ბათუმიც დაიბრუნებს თავის ტვირთებს კონტეინერების მიმართულებით. ამ ეტაპზე ბათუმის ნავსადგურის გადაიარაღების პროცესი დასრულებულია და დღეს მზად არის, რომ მიიღოს უფრო მეტი ტვირთი,“-განმარტა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ქართულ ნავსადგურებში დასავლური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია.

„რაც შეეხება გადაიარაღებას და სიმძლავრეების მატებას, ნავსადგურების განვითარების მიმართულებით დასავლური ინვესტიციები გაზრდილია. გაიხსნა ახალი ტერმინალები როგორც ბათუმში ისე ფოთში და შესაბამისად, დამატებითი სიმძლავრეები დერეფანს მოემსახურება უფრო ეფექტურად,"-განმარტა თამარ იოსელიანმა.

ცნობისთვის, პირველ კვარტალში ბათუმის ნავსადგურში 22 764 კონტეინერი გადამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით ნაკლებია, ფოთის პორტში კი საკონტეინერო ტვირთბრუნვა 67%-ით გაიზარდა, ნავსადგურმა 125 209 კონტეინერი გადაამუშავა.

Businesspartner