ეკონომიკა
11/09/2023

დღეიდან სტუდენტური სტიპენდია გაორმაგდება და მას 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს

ჩვენს სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. პირველი მინდა გამოვყოთ ჩვენი განათლების საერთაშორისო ცენტრი. ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი. 1000-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას. ეს არის განსხვავება. საუკეთესო 1000 სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. ეს ადამიანები ბრუნდებიან, არა მარტო სახელმწიფო, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან და ეს რა თქმა უნდა, ჩვენი სიმდიდრე და ჩვენი სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ. ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით.

მეორე მიმართულება გვაქვს ადგილზე წარჩინებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონდე სტუდენტების დახმარება, მათი დაფასება და ერთგვარი წახალისება სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს 2500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ დახმარებას გავაორმაგებთ. დღეიდან გახდება თითოეულ სტუდენტზე 300 ლარი და 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის დაფასება ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Businesspartner