ეკონომიკა
14/03/2022

დეპოზიტები ვალუტაში და სესხები უფრო მეტად ლარში - "შოკის გამაძლიერებლის" ეფექტი

TBC Capital-მა მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთი დრამატული კვირის შემდეგ მოვლენათა სამომავლო განვითარების კუთხით გაურკვევლობა კვლავ მაღალია.

ამავდროულად, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის მხრივ, როგორც ჩანს, პროგნოზი კვლავ TBC Capital-ის დროული და დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარებს შორისაა.

TBC Capital-ის მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარი გამყარდა, რაც სავარაუდოდ ასახავდა სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილის შეფასებას, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. ამაზე ასევე მიუთითებს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენცია.

"მაშინ, როდესაც, განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში, ლარის წონასწორულ კურსზე საუბარი რთულია, თიბისი კაპიტალის სამ ფაქტორიანი ჩარჩოს მიხედვით, მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც ახლა უკვე ლარი შეფასებასთან შედარებით უფრო გამყარებული ჩანს, ვიდრე გაუფასურებული. ასევე საყურადღებოა, რომ დეპოზიტების უფრო მეტად ვალუტაში და ამავდროულად, სესხების უფრო მეტად ლარში ფორმირების ალბათობა გაზრდილია, რასაც ე.წ. "შოკის გამაძლიერებლის" საკმაოდ ძლიერი ეფექტი აქვს,"– აღნიშნავს მთავარი ეკონომისტი.

განახლებული მონაცემების მხრივ, გასულ კვირაში, ეროვნული ბანკის თებერვლის ბალანსი გამოქვეყნდა და საერთაშორისო რეზერვების მცირედი კლება დაფიქსირდა. სავარაუდოდ, ამის ძირითადი მიზეზი მთავრობის სავალუტო ოპერაციები იყო.

TBC Capital-ის შეფასებით, მომდევნო პერიოდში ამ კუთხით საპირისპირო დინამიკა უნდა ვიხილოთ, რადგანაც მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის საგარეო დაფინანსება გაიზრდება.

ასევე, საქსტატმა 2021 წლის მე-4 კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებლები გამოქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, მოლოდინების შესაბამისად, სააქციო კაპიტალის კომპონენტი სუსტი იყო, თუმცა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ვალის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შემოსავლების რეინვესტირების მაჩვენებელი კი, შედარებით დაბალი იყო.