ეკონომიკა
15/01/2021

დეკემბერში საარსებო მინიმუმი ₾192.7-მდე გაიზარდა

პანდემიურ წელს საარსებო მინიმუმის კლება, ბოლო თვეებში ზრდით დასრულდა და 2020 წლის ბოლო თვეში 192.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 2,3 ლარით შემცირდა, წინა თვესთან შედარებით კი მაჩვენებელი 3 ლარით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისში საარსებო მინიმუმი 197 ლარი იყო, რეკორდულ ნიშნული კი მარტში დაფიქსირდა, 206.1 ლარით. მას შემდგომ ის განუხრელად მცირდებოდა, თუმცა ოქტომბერში უკვე ზრდა აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ საქსტატმა საარსებო მინიმუმის დათვლა ახალი სტატიკური სამუშაოთა პროგრამის მიხედვით დაიწყო, შესაბამისად, როგორც "ბიზნესპარტნიორს" საქსტატში განუცხადეს, პროგრამის მიხედვით გამოქვეყნდება მხოლოდ 2 მაჩვენებელი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და მაჩვენებელი აღარ იქნება ჩაშლილი ოჯახის სულადობის მიხედვით დეტალურად.

უნდა ითქვას, რომ ეკონომისტები საარსებო მინიმუმის დათვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ცვლილება სოციალური პაკეტების გადახედვას არ ითვალისწინებს. ეკონომისტების ნაწილი განმარტავს, რომ ამ სტატისტიკის წარმოებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუკი მთავრობა სოციალურ, საპენსიო და სხვა სახის ფინანსურ დახმარებებს ამ მონაცემის მიხედვით შეცვლის. 

აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის გამოთვლის საერთაშორისო მეთოდოლოგია არ არსებობს და მას მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყანა ითვლის. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილების ან მისი საერთოდ გაუქმების შესახებ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა.

Businesspartner