ფოტო: Getty Images
ეკონომიკა
03/01/2022

დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები და მომსახურება

კომუნალური გადასახადები დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი წლიურად 43.5%-ით არის გაძვირებული, სატრანსპორტო მომსახურება კი 17%-ით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.01%-ული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (24.5%), ბოსტნეული და ბაღჩეული (20.7%), პური და პურპროდუქტები (20.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.8%), თევზეული (16.5%), რძე, ყველი და კვერცხი (15.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.5%), ხილი და ყურძენი (10.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (6.1%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3%-ით, რაც 2.24%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24.9%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 43.5%-იანი მატება, რაც 3.64%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (64.7%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (64.4%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1%).

2021 წელი მაღალი, ორნიშნულიანი ინფლაციით დასრულდა. საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ით განისაზღვრა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3% შეადგინა.