ეკონომიკა
16/08/2021

დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში მხოლოდ $572 მლნ-ის FDI შემოვიდა

პანდემიურ წელს, საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, მაჩვენებელი წინასწარ მონაცემებს კიდევ უფრო მეტად ჩამორჩება.

დაზუსტებული მონაცემებით, ქვეყანაში 2020 წელს სულ 572 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 57.2%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით, 7.3%-ით ნაკლები 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე.

ეს რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. ასეთი დაბალ ნიშნულზე 2009 წელსაც კი არ ყოფილა. მაშინ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება 2008 წლის აგვისტოს ომსა და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდებოდა. 2009 წელს ქვეყანაში 666.8 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა.

"სასტატი" შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რამდენიმე საწარმოს გადასვლას ასახელებს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283 მლნ დოლარით შეამცირა.

2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 87.5% შეადგინა.

ინვესტორ ქვეყენებს შორის პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, რომდლზეც მოდის მთლიანი ინვესტიციების 53% (303 მლნ დოლარი), მეორე პოზიციაზეა ნიდერლანდები 35.1%-ით (200.7 მლნ დოლარი), მესამეზე - აშშ 17.2%-ით (98.4 მლნ დოლარი).

რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 404.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 70.7%-ია. მეორე ადგილზეა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 98.8 მლნ დოლარით, მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 90.3 მლნ დოლარით.