ეკონომიკა
14/02/2022

დავითაშვილი: წლის განმავლობაში ათობით ათასი სამუშაო ადგილი მობილიზდება

ეკონომიკის მინისტრის რწმუნებით, 2022 წელს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, 200 ათასამდე მოქალაქე სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ფიზიკურ, ასევე საოფისე საქმიანობას შეასრულებს. 

"სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დასაქმების ახალი პროექტის კოორდინაცია მე დამევალა. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ სხვადასხვა უწყებასთან. განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროსთან. შეჯერდა პირობები, რომელიც განსაკუთრებულ მოტივაციას გაუწევს ჩვენს სოციალურ დაუცველებს, რომ ჩაერთონ საზოგადოებრივ სამუშაოებში. ჩვენ გვინდა, რომ ამ პროექტით დამატებითი შესაძლებლობები გაუჩნდეს ყველაზე მოწყვლად სოციალურ ფენას. 200 ათასზე მეტი მოქალაქეა შრომის უნარიანი და მათ შეუძლიათ დასაქმებაში ჩართვა. ეს ძალიან დიდი სამუშაო რესურსია. ამავე დროს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული და საჯარო საჭიროებებია მოსაგვარებელი. 

გვესმის, რომ საზოგადოებრივი სერვისები წლიდან წლამდე უმჯობესდება, ტემპი, რომლითაც ქვეყანა ტრანსფორმაციას განიცდის, დამაკმაყოფილებელი არავისთვის არაა. ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს. შესაბამისად, ძალიან ბევრი ინვესტიცია გვჭირდება, რათა ეკონომიკის ზრდა დავაჩქაროთ. კონკრეტული სამუშაოების შესრულება ძალიან დიდ ამოცანად გვაქვს დასახული. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სამუშაო რესურსი, რომელიც ქვეყანაშია, შეგვიძლია ეფექტიანად გამოვიყენოთ. ჩვენ ვზრუნავთ ამ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მიმდინარე წლის განმავლობაში ათობით ათასი სამუშაო ადგილი მობილიზდება. ეს ადგილები უკვე იდენტიფიცირებულია. ეს საზოგადოებრივი დასაქმების თვალსაზრისით",- განაცხადა დავითაშვილმა.