დავითაშვილი: 2-3 წელში დევნილებს ბინებით მთლიანად დავაკმაყოფილებთ
ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით პრემიერის ახალი ინიციატივას მხოლოდ წელს დამატებით 1 მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვა შეუძლია.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი შეთავაზების ფარგლებში 2-3 წლიან პერსპექტივაში დევნილები საცხოვრებელი ფართებით სრულად დაკმაყოფილდებიან.
"სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. აქაც ჩვენი მოქალაქეებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობები უნდა გავაჩინოთ. ჩვენ ამ ინიციატივებით შიდა რესურსების მაქსომალურ მობილიზებას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეც, მაგრამ რაც ჩვენ შიგნით გვაქვს, იმ რესურსების მაქსიმალურ აქსელერაციას გააკეთებს ეკონომიკის სამინისტრო. ამ ინიციატივის აზრი ისაა, რომ კერძო ფინანსური ინსტიტუტებიდან დეველოპერებმა ფინანსების მობილიზება შეძლონ. ძირითადი სახელმწიფო საჭიროებები უფრო სწრაფად უნდა მოგვარდეს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე. გვესმის, რომ დღეს თითოეული სახელმწიფო უწყება თავის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გეგმავს და შესყიდვებს ახორციელებს ასიგნებების ფარგლებში. შესაბამისად, მათთვის მრავალწლიანი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა შეზღუდულია. მაგრამ პრემიერმა წარმატებით გამოსცადა თავდაცვის სამინისტროში, რომ საბინაო პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდა. ასევე ფასები იყო კონკურენტული.
იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებული იქნება. მის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, როგორც საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე სამშენებლო სექტორთან. ვამუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელზეც პირადად მექნება კერძო სექტორთან საუბარი. საჯარო ინფრასტრუქტურის უამრავი საჭიროება გვაქვს. 2-3 წლიან პერსპექტივაში მთლიანად მოვაგვარებთ დევნილთა ბინის დაკმაყოფილების საკითხს. დარწმუნებული ვართ, რომ წელს 1 მილიარდი ლარის ინვესტიციას მოვიზიდავთ",- განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობა სამშენებლო სექტორს ახალ შეთავაზებებს უკეთებს.
ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დეველოპერებს დამატებითი ფინანსური მოზიდვის სანაცვლოდ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გარანტირებულ დაკვეთას სთავაზობს.
პრემიერის თქმით, ინიციატივა დამატებით 1-2%-იან ეკონომიკურ ზრდას მოიტანს.
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის პერიოდის გამოცდილების შედეგიანობაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს იდეა მაშინ პრაქტიკაში წარმატებით განახორციელდა და 3-5 წელიწადში შესასრულებელი სამუშაოები ერთ წელში შეასრულეს.
პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის ამაჩქარებლები და არაორდინარული ნაბიჯები სჭირდება.
ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ინიციატივა დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის გაზრდის.
"ამ ინიციატივით, მინიმუმ 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელს", - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ჩამოთვალა პროექტები, რომლის განხორციელებსაც მთავრობა გეგმავს:
დევნილებისთვის სახლები დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი;
პოლიციის ქალაქის მშენებლობა;
პოლიციის შენობების აშენება-რეაბილიტაცია;
800-მდე სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა;
ბაღების მშენებლობა;
გარდა ამისა თავდაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს პროექტები და სხვა.
"სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ შემდეგს, რომ მათ შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობის სამუშაოებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ინიციატივის გაცნობის მიზნით ვიცე-პრემიერს სამშენებლო სექტორთან აქტიური შეხვედრების გამართვა დაავალა.