ეკონომიკა
30/06/2022

დავით უტიაშვილი: წლის ბოლოსთვის ინფლაციის 8%-მდე შემცირებას ველით

ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებლის 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს. 

როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ეთერში განაცხადა, ინფლაცია გლობალური პრობლემაა. საქართველოში არსებული ინფლაციის დონეც ძირითადად განპირობებულია საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობით. 

"კერძოდ, კოვიდპანდემიის დროს გარკვეული შეზღუდვები იყო მიწოდების მხარეს, ამან გამოიწვია ფასების ზრდა, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია დამატებით სასაქონლო პროდუქტებზე, მათ შორის სურსათზე, ფასების ზრდა. ეს გადმოეცა ჩვენს ეკონომიკას. ძირითადად, ინფლაციის დონე, რაც ჩვენ გვაქვს, ამითაა განპირობებული. საკმაოდ მაღალია ინფლაცია გლობალურად და ამის საპირისპიროდ ცენტრალური ბანკები მსოფლიოში ამკაცრებენ საპროცენტო განაკვეთებს. ჩვენც ეს გამკაცრება დიდი ხანია დავიწყეთ და ამ გამკაცრებულ პოლიტიკას ვინარჩუნებთ. შედეგად ველით, რომ წლის ბოლოს ინფლაციის დონე დაახლოებით 8% იქნება. ანუ დღევანდელი 13%-დან ის გააგრძელებს კლებას. მომდევნო წლის მეორე კვარტალში ველოდებით, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს დაუახლოვდება", - აღნიშნა დავით უტიაშვილმა. 

იმ შემთხვევაში თუ, რუსეთ-უკრაინის ომი გამძაფრდება, დავით უტიაშვილის თქმით, პესიმისტური სცენარის მიხედვით, წლის ბოლოს ინფლაცია დაახლოებით 10% იქნება, მომდევნო წლის მეორე კვარტალში კი, მიზნობრივის მიღწევა ვეღარ მოხერხდება. 

"პესიმისტური სცენარის მიხედვით, თუ კონფლიქტი გამძაფრდება, სანქციები გაგრძელდება და ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს კურსზე, სიტუაცია გართულდება. ამ შემთხვევაში წლის ბოლოს მაჩვენებელი შედარებით მაღალი, დაახლოებით 10%-თან ახლოს იქნება. მომდევნო წლის მეორე კვარტალშიც ვეღარ მოხერხდება მიზნობრივის მიღწევა, შეიძლება დამატებით 2 კვარტალი დასჭირდეს ამის მიღევას", - აცხადებს დავით უტიაშვილი.