დავით პაპიაშვილი: ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს რეალურად ვერ ეხმარება
უნდა ვაღიაროთ, რომ „ბიზნესს გვერდში ვერ დავუდექით“ , – ასე აფასებს მთავრობის წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili-ს მმართველი პარტნიორი.
დავით პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ გეგმაში ბიზნესის რეალური დახმარება ვერ აისახა. ფინანსთა სამინისტროს წარდგენილ პრეზენტაციაზე ბიზნესისთვის სულ 2 შეღავათი გაჟღერდა – ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნების ლიმიტის ზრდა და ხელფასების ნაწილის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება.
„როდესაც საუბარი იყო დღგ „ავტომატური დაბრუნება“-ზე ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო რაღაც სიახლე. სინამდვილეში ეს არის 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმა, სადაც ბიუჯეტში გათვალისწინებული დასაბრუნებელი თანხის ლიმიტი გაორმაგდა და ეს შეღავათი მხოლოდ მათზე გავრცელდება ვისაც ე.წ. ზედმეტობა აქვს. ასეთი კი არც ისე ბევრია. თუ არ ახორციელებ რამე დიდ პროექტს, არ ხარ მსხვილი იმპორტიორი და არ გაქვს დღგ-ს ზედმეტობა რეალურად ვერაფერს დაიბრუნებ“, – განმარტავს დავით პაპიაშვილი.
მისი თქმით, ძალიან მცირეა საშემოსავლო გადასახადზე შემოთავაზებული შეღავათიც.
„რეალურად, ბიზნესს უთხრეს, რომ 750 ლარის მოცულობის დარიცხულ ხელფასზე (ხელზე ასაღები 600 ლარი) 150 ლარს ბიუჯეტში არ გადაიხდით, მაგრამ მისცემთ თუ არა ამ თანხას თანამშრომელს ეგ თქვენ მოილაპარაკეთო, მაშინ როცა ხელშეკრულებების უმეტესობა სწორედ დარიცხულ ხელფასს ითვალისწინებს. ეს შეღავათი დასაქმებულს ეკუთვნის, ანუ თუ ვერ ცვლი ხელშეკრულებას, დამსაქმებელმა უნდა „აიძულოს“ დასაქმებული, რომ უარი თქვას 150 ლარზე და დაიტოვოს. 1200 ლარის ხელზე ასაღებ ხელფასზე კი, სახელმწიფო მხოლოდ 750 ლარის ნაწილში შემოდის, ამასთან არანაერი შეღავათი არ ვრცელდება 1500 ლარს ზემოთ დარიცხულ ხელფასებზე. გამოდის, რომ ბიზნესს ხელფასის ხარჯი არ შეუმცირდება. რომ ყოფილიყო შემოთავაზება და მაგალითად, 2000 ლარის ხელფასი გათავისუფლებულიყო დროებით საშემოსავლო გადასახადისგან, დამსაქმებული და დასაქმებული რამე შეთანხმებას შეძლებდნენ. რომ ნაწილი მაინც დამსაქმებელს დარჩენოდა, თუნდაც ისევ ხელფასების გასაცემად“, – ამბობს დავით პაპიაშვილი.
Kreston Papiashvili-ის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ იმ დროს როდესაც ხელისუფლება 2 ფრონტზე იბრძვის (კორონავირუსის დამარცხება და ეკონომიკის განვითარების შენარჩუნება)ბიზნესმა რეალური შეღავათი ვერ მიიღო.