ეკონომიკა
25/01/2023

დავით ნარმანია: ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმის მოცულობა უნდა გაორმაგდეს

კომუნალური მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანია რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში გაზრდილ ჯარიმას გადაიხდის.

სემეკი ჯარიმების გაზრდის მოთხოვნით პარლამენტს, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს მიმართავს. თემაზე დავით ნარმანიამ გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე ისაუბრა. სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, დაგდენილი ჯარიმის მოცულობის, 75 000 ლარის გაორმაგება იგეგმება. 

"ზოგიერთი ტიპის სამართალდარღვევის შემთხვევაში უმჯობესია, ჯარიმები იყოს უფრო მაღალი. ჯარიმას აქვს ორი დატვირთვა, მათ შორის, ერთ-ერთი პრევენციის ფუნქციაა. ჯარიმა ფინანსურად ისეთი მოცულობის უნდა იყოს, რომ პოტენციურ დამრღვევს რეგულაციის დარღვევის სურვილი არ გაუჩნდეს. გვქონია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჯარიმის მაქსიმალური მოცულობა გამოვიყენეთ, მაგრამ დარღვევა მაინც იმაზე მეტი იყო, ვიდრე ჯარიმის მოცულობა. პირობითად, ჰიდროსადგური არ დაემორჩილა დისპეჩერის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, მან მიიღო, ერთი მხრივ, სარგებელი, მაგრამ მეორე მხრივ აზარალა სისტემა. 

მართალია, ახალმა კანონმა ძველთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზარდა ჯარიმების მოცულობა, მაგრამ ზოგიერთ ნაწილში, პრაქტიკაში ვნახეთ, რომ უმჯობესია ჯარიმა 75 000 ლარის ნაცვლად, მინიმუმ გაორმაგდეს",- აღნიშნა ნარმანიამ.