დავით ჯავახაძე: ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები წელს დაიწყება
"უახლოეს პერიოდში ორ კვალიფიციურ კანდიდატთან საკონსულტაციო შეხვედრები იგეგმება, რათა საბოლოოდ დასრულდეს შერჩევის პროცესი,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ჯავახაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წინასწარი დაინტერესება აღნიშნულ პროექტზე თითქმის ყველა კონტინენტიდან იყო, საიდანაც ათობით განაცხადი შევიდა, თუმცა ამ განცხადებებიდან მხოლოდ ორმა მსხვილმა კომპანიამ შეძლო მეორე ეტაპზე გადასვლა. თუმცა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება ცნობილი, მათ შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
"შერჩევის მეორე ეტაპი გაცილებით კომპლექსურია, ვინაიდან ამ შემთხვევაში კომპანიები ოთხი კრიტერიუმით ფასდებიან. ესენია- ფინანსური, ტექნიკური, იურიდიული და კომერციული კრიტერიუმები, რის პარალელურადაც საინვესტიციო პარტნიორთა შეთანხმების პირველად ვერსიებზე მოლაპარაკებები დაიწყება.
ამის შემდეგ, კანდიდატებს 4 თვის ვადა მიეცემათ, სადაც მათ წინადადებები უნდა წარადგინონ, რასაც კომისია შეაფასებს და გამარჯვებულს შეარჩევს, რომელთანაც შემდგომში საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართება.
პარტნიორის გამოსავლენად, რეალისტური ვადა მომავალი წლის პირველი ნახევარი იქნება"- აცხადებს ჯავახაძე.
როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, კონტრაქტორის შერჩევის დასაწყებად, ახალმა კომპანიამ დიდი სამუშაო გასწია და მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის ბოლოშია გასული, რის შესახებაც საზოგადოებისთვის მეტი დეტალი მალე ცნობილი გახდება.
გარდა ამისა, ჯავახაძის ცნობით, აღნიშნული პროექტის პარალელურად, სახელმწიფო საზღვაო სამუშაოების დაწყებას გეგმავს, რაც ბსკერდაღრმავებას გულისხმობს, ასევე ტალღამტეხელის მშენებლობას, რაზეც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორის ვარაუდით, მიმდინარე წელს მოსამზადებელი, სამობილიზაციო სამუშაოები, ხოლო მომავალ წელს უკვე აქტიური მუშა პროცესი უნდა დაიწყოს.
პირველ ფაზაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, სადაც წინასწარი სამობილიზაციო, სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს, ხოლო პროექტის დასრულებას სავარაუდოდ 3 წლის ვადა დასჭირდება.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს და შვეიცარულ-ლუქსემბურგულ კომპანიას სურს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
დავითაშვილის განმარტებით, კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია რუსულ კომპანიას.