"დასაქმების სააგენტოში 10 ათასი ვაკანსიაა რეგისტრირებული, რომელთა შევსება ვერ ხერხდება"
დასაქმების სააგენტოში 10 ათასი ვაკანსიაა რეგისტრირებული, რომელთა შევსება ვერ ხერხდება ან რთულად ხდება.
ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 15.5%-მდეა შემცირებული, რაც არის კარგი მაჩვენებელი იმის, რომ ბაზარზე სამუშაო ადგილები არის. თუმცა საქართველოს პრობლემა სტრუქტურული უმუშევრობაა.
„რეალურად, საქართველოში სტრუქტურული უმუშევრობის პრობლემა რჩება, რადგან ერთის მხრივ დამსაქმებელი ამბობს, რომ მას სჭირდება მუშახელი და მუშახელს ვერ პოულობს. დღეისათვის დასაქმების სააგენტოში 10 ათასამდე ვაკანსიაა რეგისტრირებული, რომლის შევსება ვერ ხდება ან რთულად ხდება. მეორეს მხრივ, არიან უმუშევრები, რომლებსაც ბაზარზე მოთხოვნადი კვალიფიკაცია და უნარი არ აქვთ და შესაბამისად, საზოგადოებრივი სამუშაოები სწორედ ამ მოცემულობაშია მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომ მოქალაქეები შემდეგ შრომის ბაზარზე გააქტიურდნენ,“- განაცხადა ბარკალაიამ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებას ხელისუფლება შრომისუნარიან მოქალაქეებს სთავაზობს. დასაქმების მსურველებს დასაქმების მიუხედავად ოთხი წლის მანძილზე უნარჩუნდება როგორც სოც.დაუცველის სტატუსი, ისე სარეიტინგო ქულა და ყველა ფულადი სარგებელი.