ეკონომიკა
14/02/2022

დასაქმების რა პირობებს და ანაზღაურებას სთავაზობს მთავრობა სოციალურად დაუცველებს

ეკონომიკის მინისტრი იმ პირობებს განმარტავს, რომელსაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაში ჩართულებს შესთავაზებს.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, პროგრამაში ჩართულ სოციალურად დაუცველებს 4 წლის განმავლობაში არ შეუჩერდებათ დახმარების პაკეტები და ხელფასის სახით 300 ლარის მიიღებენ. მისივე თქმით, წელს სახელმწიფო ბიუჯეტი ამ მიმართულებით 100-150 მილიონს გამოყოფს.

"დასაქმების სააგენტო დაიმატებს კადრებს. სწორედ ის იქნება კოორდინატორი, რომ სწორი შესაბამისაობა მოხდეს შეთავაზებულ სამუშაოსა და პოტენციური დამსაქმებლის უნარებს შორის. ასევე, პროექტის ნაწილია შესაბამისი უნარებისა და მინიმალური კვალიფიკაციის არსებობა. აქ არ არის დიდ კვალიფიკაციაზე საუბარი, თუმცა ადამიანებს კონკრეტული უნარები უნდა ჰქონდეთ. მათი დასაქმების ეფექტიანად წარმართვა იმ უწყებების პასუხისმგებლობაა, ვინც მათ მიიღებენ. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში ის არის, რომ თითოეულ დასაქმებულს სოციალური პაკეტი არ უჩერდება. პირიქით, მათ 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ ეს პაკეტი სტაბილურად. რა თქმა უნდა, თუ ისინი შეასრულებენ ამ საზოგადოებრივ სამუშაოებს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებითვის კი ხელფასის ოდენობა დაუბეგრავად 300 ლარია გათვალისწინებული. მათ თავი ამაყად უნდა იგრძნონ. საბოლოოდ პროექტის მიზანი ადამიანების ლეგალურად დასაქმებაა",- განაცხადა დავითაშვილმა.  

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფრომაციით, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველები შეასრულებენ გამწვანების, დასუფთავების, სამღებრო, ძველი შენობების დემონტაჟის სამუშაოებს.  მათ ექნებათ სრული სამუშაო დღე 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.