"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო 2027 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება"
„მაღალშემოსავლიანი ქვეყანა მაშინ გავხდებით, როდესაც 1 სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული მაჩვენებელი 13 ათას დოლარს გადააჭარბებს," - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს 1 სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული მაჩვენებელი დაახლოებით 6250 დოლარს შეადგენდა. წელს კი ვარაუდობს, რომ მაჩვენებელი 9 ათას დოლარს შეადგენს. რაც შეეხება მომავალ 2024 წელს, სავარაუდოა, რომ როგორც მშპ, ასევე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლები 10 ათასი დოლარი იქნება.
„ახლა ჩვენი ქვეყანა არის საშუალო მაღალ შემოსავლიანი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო 2027 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება," - აცხადებს მიხეილ დუნდუა.
მისი განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და ექსპორტზეა ორიენტირებული.
მთლიანი ეროვნული მაჩვენებლის მიხედვით, პირველ კვარტალში, 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, ტენდენციის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ მეორე და მესამე კვარტალში ქვეყანაში პროფიციტული ეკონომიკა (საქონლის და მომსახურების ექსპორტის მაჩვენებელი მეტია საქონლის და მომსახურების იმპორტის მაჩვენებელზე) იყოს.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ივნისში ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.