ეკონომიკა
07/04/2023

ComCom-მა ქობულეთში 450 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

გრძელდება ComCom-ის ციფრული მხარდაჭერის პროგრამა ქობულეთში, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ქაქუთიდან, სკურადან, ჭახათიდან, ხუცუბანიდან, კოხიდან, ლეღვასა და ზენითიდან დამატებით 100-ზე მეტი ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა.

პროგრამა ქობულეთის სამიზნე სოფლებში 7 თებერვალს დაიწყო და უკვე 450-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის გამოყენება, google-ს რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.