ComCom-ის "ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" ამბროლაურში დაიწყო
ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების შემდგომ, კომუნიკაციების კომისიის “ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” ამბროლაურის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის სოფელ ხვანჭკარაში, ურავსა და ლიხეთში 4 სემინარი ჩატარდა და 50-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა.
სპეციალისტების დახმარებით, ბენეფიციარებმა ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის შექმნისა და გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ “ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” პროექტ Log-in Georgia-ს ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება და საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.