ეკონომიკა
31/07/2023

ComCom და ეკონომიკის სამინისტრო როუმინგული ტარიფების შემცირების მიზნით პროექტს ახორციელებენ

კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, ახორციელებენ კვლევას ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით.

კვლევა შესაბამისი სამართლებრივი თუ ეკონომიკური საფუძვლების მომზადებას ემსახურება, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთება კი საერთაშორისო როუმინგული ტარიფების შემცირებას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში, ComCom-მა მობილურ ოპერატორებთან გამართა შეხვედრა, სადაც ექსპერტები კვლევის შინაარსისა და მეთოდოლოგიის მიმოხილვის შემდგომ, მონაწილეების ხედვებსა და მოსაზრებებს გაეცნენ.

ევროკავშირის როუმინგულ სივრცეში გასაწევრიანებლად, როუმინგთან დაკავშირებული საქართველოს სამართლებრივი ბაზა და მარეგულირებელი ნორმები, სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (BEREC) კანონმდებლობასა და რეგულაციებს. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში, შესწავლილი იქნება ევროკავშირისა და საქართველოს სამართლებრივი გარემოს დაახლოების საჭიროებები და ევროკავშირის როუმინგულ სივრცეში გაერთიანების ეკონომიკური შედეგები, რის შემდეგაც, კვლევაში მონაწილე კვალიფიციური ექსპერტები, შემდგომი ნაბიჯების რეკომენდაციებს წარმოადგენენ. ასევე, ComCom-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალისტების ჩართულობით, მომზადდება პირველადი და მეორადი კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფენ.

შეგახსენებთ, რომ როუმინგის ერთიანი ევროპული სივრცის მომსახურებები მოიხსენიება “Roam Like at Home” (RLAH) სახელით, რაც ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ამ ქვეყნებში გამოიყენონ თავიანთი მობილური მომსახურებები როუმინგის დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, ან ისარგებლონ მნიშვნელოვნად შემცირებული ტარიფებით. ეს ცვლილება, ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული ბაზრის შემდგომ განვითარებას, ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზაციასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს, ვინაიდან, როუმინგული სერვისები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის პროცესში, ასევე, ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესებაში.

Businesspartner