"ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია გავაძლიეროთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია"
ვითვალისწინებთ რა საქართველოს უზარმაზარ ტურისტულ პოტენციალს, გვჯერა, რომ ჩვენი საჰაერო კავშირის გაფართოება ჩინეთთან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს მრეწველობის სფეროს დაინტერესებულ სუბიექტებთან.
ჩინეთთან ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობის აღიარებით, მოხარული ვართ, რომ თბილისი-ურუმჩის შორის ფრენები მიმდინარე წლის იანვარში განახლდა, კვირაში სამი რეისი სრულდება და დიდი პოტენციალი გააჩნია.
ვითვალისწინებთ რა საქართველოს უზარმაზარ ტურისტულ პოტენციალს, გვჯერა, რომ ჩვენი საჰაერო კავშირის გაფართოება ჩინეთთან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში; ეს ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს მრეწველობის სფეროს დაინტერესებულ სუბიექტებთან.
ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია გავაძლიეროთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია არსებული და ახალი მაღალი სიმძლავრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენებით, რაც საქართველოს მეზობელ, ევროპულ და აზიურ ქვეყნებთან დააკავშირებს. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისა და აზიის ციფრული კავშირის ხელშეწყობა.
განვიხილავთ რეგიონული ციფრული ჰაბის შექმნას, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საერთაშორისო კავშირს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურასთან, ევროპისა და აზიის უმოკლესი მარშრუტით დაკავშირებას და, მეორე მხრივ, რეგიონული მონაცემთა ცენტრების შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის, ციფრული ჰაბისა და დერეფნის განვითარების კონცეფციის საკონსულტაციო სერვისის მოკვლევა.
ძვირფასო მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ქვეყანა მდიდარია განახლებადი ენერგიის რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰიდრო რესურსები. ჰიდროენერგეტიკაში დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ ეკონომიკურად გამართლებული პოტენციალის არსებობის მიუხედავად, ამჟამად მისი მხოლოდ 30% არის ათვისებული. ამიტომ, ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ჰესების პროექტების განხორციელებით.
სწორედ ამიტომ, ინვესტორების მოზიდვის მიზნით, გასულ წელს შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ეფუძნება კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებს. მხარდაჭერის სქემა გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების სიმძლავრის აუქციონებს. ახალ სქემას ნერგავს სხვაობის დაფარვის კონტრაქტის (CfD) კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის საბაზრო ფასსა და სახელშეკრულებო ფასს შორის სხვაობის კომპენსაციას. ამიტომ, ეს მექანიზმი ინვესტორებს აძლევს გარანტიას, რომ ისინი წლების განმავლობაში მიიღებენ გონივრულ შემოსავალს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მწვანე ენერგიის წარმოებას და ექსპორტს, არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ინიციატივა - რომელიც ჩემი ინიციატივაა, რომელიც 2 წლის წინ გავაჟღერე - მნიშვნელოვან დაპირებას იძლევა საქართველოს მომავალი ენერგეტიკული ლანდშაფტის შესახებ, რადგან ის შეესაბამება ქვეყნის ვალდებულებას განახლებადი რესურსების განვითარებისა და უფრო მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისკენ. ამ ამბიციური პროექტის მონაწილეები არიან ასევე აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიები და ზემოაღნიშნული პროექტები მჭიდრო კავშირშია „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის მიზნებთან. ამიტომ, საქართველო აქტიურად არის ჩართული მასში და ადასტურებს ნაკისრს ვალდებულებას, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი და პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა მისი წესდება.
მსურს გამოვხატო გულწრფელი სიხარული „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში დღეს ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნოვატორული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ურთიერთ-სასარგებლო თანამშრომლობას.
ასევე მინდა ვახსენო, რომ ჩემი ინიციატივით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს საქართველო წარმატებით ატარებს 2015 წლიდან მოყოლებული და სამი ასეთი ღონისძიება შედგა. ამ ფორუმებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის წინსვლაში, საერთაშორისო პლატფორმის შექმნაში მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესს და საზოგადოების ლიდერებს შორის მაღალი დონის დიალოგის საწარმოებლად მრავალი მიმართულებით. თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მე-4 ფორუმი წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება შეკრებს 2000-მდე დელეგატს, მთავრობათა მაღალჩინოსნებს და ბიზნესის წარმომადგენლებს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ჩინური ბიზნეს წრეები მოვიწვიო ხსენებულ ფორუმზე. მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ საქართველოში, - განაცხადა პრემიერმა.