ეკონომიკა
01/08/2023

"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას კიდევ უფრო გააუმჯობესებს".

გუშინ გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 7,6 პროცენტით გაიზარდა. ამ ტემპით, წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8200 დოლარს მიაღწევს, მაშინ როდესაც 2021 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 4250 დოლარი იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „სულ რაღაც სამ წელიწადში, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა, რაც, საქართველოს მთავრობის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ეკონომიკური ზრდა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საქართველოს ყველა პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად – მათ შორის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკური გამოწვევების მიმართ საქართველოს სიმტკიცის გასამყარებლად, ასევე, თუნდაც, ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10 ათას დოლარს მაინც უნდა გადაცდეს, რომ მის ევროინტეგრაციაზე სერიოზულად დაიწყოს საუბარი. არსებული ტემპების გათვალისწინებით, ამ მაჩვენებელს საქართველო უკვე 2025 წელს გადააბიჯებს. როგორც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის სექტორი. ამა წლის იანვარ-ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლები 58 პროცენტით, ანუ 662 მილიონი დოლარით გაიზარდა. გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, პირველ რიგში – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად.

 

Businesspartner