ეკონომიკა
11/08/2023

"ჩინეთისა და მსოფლიოს უდიდეს ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე, ჩვენი სააგენტოს ხელშეწყობით, საქართველოში წარმოებული პროდუქცია გამოჩნდება"

„აწარმოე საქართველოში“ ჩართულობით, რამდენიმეწლიანი აქტიური და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, პირველად ჩინეთისა და მსოფლიოს უდიდეს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Tmall-ზე საქართველოში წარმოებული პროდუქცია, კერძოდ ქართული კომპანია „გეფერინის“ ჩანთები გამოჩნდება, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩინელი ინვესტორები კომპანია „გეფერინის“ პროდუქციით 2019 წელს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ - ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე გაცნობისას დაინტერესდნენ, სადაც ქართული კომპანიები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით მონაწილეობდნენ.

„ეს არის ძალიან დიდი შედეგი, რადგან ჩინეთის ბაზარზე გასვლა საკმაოდ რთული პროცესია და დიდ დროს საჭიროებს. თუმცა, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ შედეგი სახეზეა - ჩინურმა კომპანიამ 400 000 დოლარის ინვესტირების შეთანხმება გააფორმა ქართულ კომპანიასთან და ამიერიდან, ქართული ჩანთები უმსხვილეს ჩინურ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს დირექტორის თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებული ისტორიული ვიზიტისა და ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გადადის ახალ ეტაპზე, რაც თავისთავად ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებასაც გულისხმობს.

„ამ ისტორიული ვიზიტის შემდეგ, ჩვენ უკვე ვხედავთ ჩინური კომპანიების მხრიდან გაზრდილ ინტერესს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, ჩვენი მხარდაჭერით და არა მხოლოდ, კიდევ არაერთ ქართულ პროდუქტს ვიხილავთ ჩინურ ბაზარზე და საბოლოოდ, ეს ძალისხმევა მოახდენს ექსპორტის დამატებით ზრდას და ახალი სავაჭრო კავშირების გენერირებას“, - დასძინა მიხეილ ხიდურელმა.

Businesspartner