ეკონომიკა
03/02/2023

ბოსტნეული 26%-ით, პურპროდუქტები 23%-ით, ყავა,ჩაი - 17.1%-ით გაძვირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4 პროცენტი შეადგინა. 

საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.7 პროცენტით განისაზღვრა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათის გაძვირებამ მოახდინა, სადაც წლიურ ჭრილში ფასები 15%-ით არის გაზრდილი.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (22.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (16.5 პროცენტი), თევზეული (13.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.7 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (40.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.1 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (18.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.5 პროცენტი).