ბოლო ათი წლის განმავლობაში სიღარიბე ფაქტობრივად, განახევრდა - ლევან დავითაშვილი
„საქართველომ შეძლო არამხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა - 2022 და მიმდინარე 2023 წელი ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებების წელი. 2022 წელს დაფიქსირდა ექსპორტის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობა. ეკონომიკური ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება - იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7%-ს შეადგენს“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა გასულ წელს ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის დონე, ამასთან, გაძლიერდა პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე. შედეგად, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე წლიურად, პარალელურად, გაიზარდა სამუშაო ძალისა და დასაქმების მაჩვენებლები.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში სიღარიბე ფაქტობრივად, განახევრდა, თუმცა, უმუშევრობა და სიღარიბის კიდევ უფრო შემცირება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - სწორედ აქეთაა მიმართული ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. ის ასევე მოიცავს ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას, ახალი შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას და, რაც მთავარია, ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას“ - განაცხადა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო შეფასებასა და კვლევას, რომლებიც საქართველოს პროგრესს ადასტურებენ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით. მისი თქმით, OECD-ის „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსში“ საქართველო კვლავ ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო, ოპერაციული გარემო, მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები, სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, ინოვაციური პოლიტიკა და ა.შ.
„მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება იმ ფონზე, როცა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუარესდა. სარეიტინგო კომპანიების - Fitch, S&P, Moodys’ შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისების დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე. ამასთან, წლის დასაწყისში „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ. სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით, რეიტინგის განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენენ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.