ეკონომიკა
03/12/2020

ბიზნესთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა.

2020 წლის Trace Matrix „კორუფციის რისკის მატრიცის“ რეიტინგში საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუმჯობესდა და 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.

საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ესპანეთს.

რეიტინგი ქვეყნებს აფასებს კორუფციის მიხედვით, კერძოდ, კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით. რეიტინგი ქვეყანას 4 კომპონენტის მიხედვით აფასებს, რომელიც თავის მხრივ 9 ქვეკომპონენტს მოიცავს.

ყველაზე საუკეთესო შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება”- ამ აგრეგატში, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მეთოდოლოგიის შესაბამისად, თითოეულ ქვეყანას ენიჭება კორუფციის რისკის საერთო ქულა და  თითოეული მიმართულება 1-დან 100 ქულამდე ფასდება, სადაც 1 ქულა მიუთითებს კორუფციის დაბალ დონეს/არარსებობას, ხოლო 100 ქულა კორუფციის მაღალ რისკს.

მთავრობასთან ბიზნესის ურთიერთკავშირის კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 17 ქულა, რომელიც ემყარება მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალ დონეს (1 ქულა), კორუფციის დაბალ მოლოდინსა (35 ქულა)  და დაბალ მარეგულირებელ ტვირთს (28 ქულა).

აღნიშნულ ინდიკატორში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კანადა, იაპონია, ლუქსემბურგი, ირლანდია, აშშ, ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, მეზობელი ქვეყნები და სხვ.

ანტიკორუფციული კანონმდებლობა და აღსრულების კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 39 ქულა, რომელიც ეფუძნება ანტიკორუფციული კანონმდებლობის ძალიან მაღალ ხარისხს (36 ქულა) და კანონმდებლობის აღსრულების ზომიერ ხარისხს (42 ქულა).

ინდიკატორში საქართველო უსწრებს საფრანგეთს, მალტას, რუმინეთს, ლატვიას, სომხეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს, ბელორუსიას, აზერბაიჯანს, უკრაინას, უნგრეთს, თურქეთს, მოლდოვას, რუსეთს და ა.შ.

“მთავრობა და სამოქალაქო მომსახურების გამჭვირვალობის” კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 26 ქულა, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალე მთავრობას (27 ქულა) და ჯანსაღ, გამჭვირვალე სამოქალაქო მომსახურებას (24 ქულა). აღნიშნულ ინდიკატორში საქართველო უსწრებს იტალიას, ისრაელს, მალტას, ჩეხეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, რუმინეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, თურქეთს და ა.შ.

„სამოქალაქო საზოგადოების უნარ-ჩვევების ზედამხედველობის“ კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 28 ქულა, რომელიც ეფუძნება პრესის თავისუფლების მაღალ დონეს (24 ქულა) და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მაღალ ხარისხს (34 ქულა). აღნიშნულ ინდიკატორში საქართველო წინ უსწრებს რუმინეთს, უკრაინას, მოლდოვას, სერბეთს, უნგრეთს, სინგაპურს, რუსეთს, თურქეთს, ბელორუსიას, აზერბაიჯანს და სხვ.

TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში. რეიტინგის შეფასება ეფუძნება სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგებს და ანგარიშებს, როგორიცაა Bertelsmann Stiftung, V-Dem Institute, World Justice Project, U.N. Development Program.

რეიტინგის 4 კომპონენტს მინიჭებული აქვს შესაბამისი წონები, კერძოდ კორუფციის შესაძლებლობის კომპონენტის წონა ყველაზე მაღალია და 40%-ს შეადგენს, შეკავება 15%-ს უტოლდება, გამჭვირვალობა - 22,5% და ზედამხედველობა 22,5%-ს შეადგენს.