"ბიზნესს გრძელვადიანი ეფექტის მიღებაში მოკლევადიანი სტიმულირების გეგმები ვერ დაეხმარება"
“მცირე და საშუალო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია და, პრაქტიკულად, ამ სექტორის აღდგენაზეა დამოკიდებული ეკონომიკური ზრდის შემდგომი მაჩვენებლები,“ - მცირე და საშაულო ბიზნესის მნიშვნელობაზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ ისაუბრა.
მისი პროგნოზით, სექტორი, წლის განმავლობაში 25-30%-ით მაინც უნდა აღდგეს, ამ შემთხვევაში ორიენტირი არა 2020, არამედ 2019 წელთან შედარება უნდა იყოს და ყველა ეკონომიკური აქტივობაც, სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაიგეგმოს.
“ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობააა, თუმცა მოკლევადიანი სტიმულირების გეგმები ბიზნესს ვერ დაეხმარება იმაში, რომ გრძელვადიანი ეფექტი მიიღოს. სტიმულირების გეგმები კარგია, როცა ბიზნესს სრულად ფუნქციონირების შესაძლებლობა აქვს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა შეზღუდვების მოხსნის წინაპირობად ამ ეტაპზე ვაქცინაციის კარგი დინამიკით წარმართვა დაასახელა და აღნიშნა, რომ გარკვეულ სტიმულებს დადებითი ეფექტი ეკონომიკაზე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, ჰქონდეს.