ეკონომიკა
17/09/2020

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესს მონიტორინგის გამკაცრებაზე ინფორმაცია მიაწოდა

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სექტორული ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინსპექტირების პროცესში ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინსპექტირების პროცესში მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს ბიზნეს ასოციაციებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ბიზნესს კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოთხოვნილ რეგულაციებთან დაკავშირებით. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგის გამკაცრების შესახებ. კერძო სექტორმა გამოხატა მზაობა ითანამშრომლოს ინსპექტირების უწყებებთან და სრულად დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი რეგულაციები. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რათა შედეგად მოხდეს ეპიდ სიტუაციის გაუმჯობესება ქვეყანაში და ბიზნესმა განაგრძოს მდგრადი ფუნქციონირება“ - განაცხადა ნინო კვეტენაძემ.

„გაიმართა მორიგი შეხვედრა ბიზნეს ასოციაციებთან სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. კერძო სექტორს კიდევ ერთხელ გავაცანით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლები. მივაწოდეთ ინფორმაცია ბიზნესს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში პროტოკოლების შესრულებაზე კონტროლი მეტად იქნება გამკაცრებული და ასევე, ვისაუბრეთ ინსპექტირების პროცესში მათი მხრიდან დანახულ გამოწვევებზე. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ვირუსის პრევენცია და დავიცვათ თითოეული მოქალაქე“- განაცხადა ბექა ფერაძემ.

Businesspartner