ეკონომიკა
25/02/2021

ბიზნესის ახლა გახსნით საზოგადოებას კოჭი გაუგორეს - ვატო ასათაშვილი

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ზამთრის კურორტებზე სასტუმროებისა და საბაგიროების გახსნის გადაწყვეტილებას ერთი მხრივ დადებითად აფასებს, მეორე მხრივ კი დაგვიანებულს უწოდებს.

ვატო ასათაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ბიზნესები ამ გადაწყვეტილებით თავს ვერ გაიტანენ, თუმცა მცირეოდენ შემოსავალს მიიღებენ, რაც სულ არაფერს სჯობს.

„მართალია, დაგვიანებით, მაგრამ საერთოდ არ გახსნას, გახსნა სჯობს. პრობლემა ეს არათანმიმდევრული ნაბიჯები და ხედვის არარსებობაა. ერთ რაღაცას გვპირდებიან, მეორეს აკეთებენ, მესამეს ვღებულობთ. ამ პოლიტიკის მიხედვით, რაიმეზე გათვლა აბსოლუტურად შეუძლებელია.

საბაგიერობის გახსნა 8 მარტამდე არ უნდა გადაედოთ. ხვალვე უნდა გაეხსნათ. ამას რა აზრი ჰქონდა? არგუმენტად ის მოჰყავთ, მოსამზადებლად დრო არ გვქონდაო. დიდი ბოდიში, მაგრამ დრო დეკემბრის შემდეგ გვაქვს, იმის შემდეგ რაც თოვლი მოვიდა. მოემზადებინათ, არავითარი პრობლემა არ იქნებოდა. მთელი იანვარი ბაკურიანში გავატარე და მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ მოთოვა, ერთხელაც არ ასულა ტრაქტორი გასაწმენდად. ეს უპასუხისმგებლო მიდგომაა. ამით საზოგადოებას კოჭი გაუგორეს“,- აღნიშნა ასათაშვილმა.