ეკონომიკა
11/06/2021

ბიზნეს პროცესების აუთსორ და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიები - FDI გრანტის შედეგები

„FDI გრანტის ფარგლებში ყველაზე მეტი დეტალიზაციით შესული ვართ რამდენიმე ბიზნეს პროცესების აუთსორ კომპანიასთან და რამდენიმე საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიასთან,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა განუცხადა.

როგორც მიხეილ ხიდურელმა განმარტა, FDI გრანტის ფარგლებში 10-ზე მეტ კომპანიასთან მიმდიარეობს მუშაობა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული პროგრამა პანდემიის შემდეგ ძალიან გვეხმარება დავაინტერესოთ ინვესტორები, რადგან არა მხოლოდ საინტერესო საინვესტიციო გარემოს ვთავაზობთ მათ, არამედ კონკრეტულ ფინანსურ პროგრამას, რომლითაც ისინი დახარჯული თანხების ნაწილს უკან დაიბრუნებენ. უფრო ზუსტად კი უცხოურ კომპანიებს ვთავაზობთ, საქართველოში ინვესტიციის განხორციელებისა და კონკერტული რაოდენობის ადამიანების დასაქმების შემთხვევაში, მილიონ ლარამდე თანხის უკან დაბრუნებას, იმ თანხის რომელიც დახარჯული იქნება კვალიფიციური მუშა-ხელის ტრენინგში. რაც არის ძირთადი გამოწვევა ქართულ ბაზარზე შემოსვლისას. ბოლო პერიოდში ბიზნეს პროცესების აუთსორსინგ კომპანიები დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპაში ინაცვლებდნენ და დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე მათი, ჩვენი ტიპის ქვეყნებისკენ გადმონაცვლება. აქ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს,“ - განმარტა ხიდურელმა.

ხელშეწყობის მექანიზმი, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად. პროგრამა მოიაზრებს ინვესტორის მიერ უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ თანხის ანაზღაურებას. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში ხდება სპეციფიური და სპეციალიზირებული დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც გარკვეულ დროსთან და ინვესტორის მხიდან რესურსების გამოყოფასთან არის დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილე საერთაშორისო კომპანია, ვალდებული იქნება არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა.

პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვეს შეადგენს.

გრანტის ოდენობა და საინვესტიციო ვალდებულებები

წარმოება და სხვა მიმართულებები - გრანტის მოცულობა 1,000,000 ლარი

ინვესტიციის მოცულობა - არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი,
შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა - არანაკლებ 150 (სრულ განაკვეთზე დასაქმებული).
BPO (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) - გრანტის მოცულობა 750,000 ლარი

ინვესტიციის მოცულობა - არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი,
შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა - არანაკლებ 200 (სრულ განაკვეთზე დასაქმებული).

 

Businesspartner