ეკონომიკა
19/05/2021

"ბიუჯეტმა აუქციონებიდან ₾72 მლნ მიიღო" - დაჩქარებული პრივატიზაციის შედეგებს მინისტრი აფასებს

ნათია თურნავა ქვეყანაში გააქტიურებულ საპრივატიზციო პროცესს აფასებს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაბალი ბიზნესაქტივობის ფონზე, რაც ბუნებრივად იყო გამოწვეული იმ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად გამოცოცხლებულია და ეს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგებზეც აისახა.

მინისტრის თქმით, პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 150 ახალი ობიექტის აუქციონზე გამოტანა დაანონსდა.

„მხოლოდ ამ ორ დღეში 17-18 მაისს აუქციონზე გასაყიდად 27 ლოტი, გამოვიტანეთ, რომელთა საწყისი ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტი იყო. ძალიან მაღალი ინტერესის, კონკურენციისა და ვაჭრობის შედეგად, 72 მილიონ ლარზე მეტი - პრაქტიკულად, თითქმის გაორმაგებული ფასი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, 1-ლი იანვრიდან დღეის მდგომარეობით, უკვე 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული და მიღებული თანხა სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის გადანაწილდება.

„დღეის მდგომარეობით უკვე შეგვძილია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიჯეტის გეგმა თითქმის 70%-იანი გადაჭარბებით შევასრულეთ. ასე რომ, პრივატიზაციის გეგმა ძალიან სწრაფად წინმსწრებით შესრულდება. რა თქმა უნდა, პრივატიზების გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ამასაც გავაცნობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.