ბექა დავითულიანი: თბილისის ბიუჯეტი თბილისის და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული
პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ჩვენ შევძელით, რომ თბილისის ბიუჯეტი 1.1 მილიარდ ლარს გატოლებოდა და თბილისელთა ყველა გამოწვევისა და ძირითადი საჭიროებისთვის ეპასუხა,- ამის შესახებ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი თბილისის და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული.
,,ეპიდემიოლოგიური ვითარების და იმის გათვალისწინებით, რომ წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სოციალური დანახარჯები, თბილისის ბიუჯეტის სოციალური მიმართულება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და ბიუჯეტიდან 350 მილიონ ლარზე მეტი სწორედ ჩვენი მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული.
ამავდროულად, ბიუჯეტის კიდევე ერთი უმსხვილესი მიმართულებაა ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ მიმართულებით გამოყოფილია 350 მლნ ლარი, რომლითაც განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის: ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულება, ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაცია, თემქის ხევის პარკის მოწყობა, რომლისთვისაც დაახლოებით 25 მლნ ლარი დაიხარჯება; ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია, წყნეთის გზატკეცილისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის დაწყება; მოსახლეობისთვის დაპირებული, ვარკეთილის ხევის რეაბილიტაცია. თბილისის ბიუჯეტი არსებული ვითარების გათვალისწინებით ოპტიმალურად არის შედგენილი და მისი პარამეტრები თბილისის და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.