ეკონომიკა
27/07/2023

ბათუმში ტრანს-კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმი იმართება

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის(CLDP) ორგანიზებით, 27 ივლისს, ბათუმში გაიხსნა ტრანს - კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმი.

CLDP-ის და საქპატენტის ერთობლივი ღონისძიება საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გახსნა, ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა CLDP-ის უფროსმა მრჩეველმა სკიპ მარკმა.

ფორუმის მონაწილეები არიან სომხეთის, მოლდოვას, ყირგიზეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლები. ფორუმის დელეგატები განიხილავენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით რეგიონულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მეთოდებს, ასევე რესურსების ხელმისაწვდომობისათვის ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების გზებს, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს უფლებების დაცვის და აღსრულების ინსტრუმენტების გამოყენება.

თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიური მიღწევების ფონზე ყოვედღიურად უფრო საინტერესო ხდება ციფრული ფორმის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საშუალებების შემუშავება და განვითარება. ამ საკითხზე სამუშაოდ ფორუმის მონაწილეები განსაზღვრავენ მიზნობრივ ჯგუფებსა და დაინტერესებულ პირებს, ასევე ეფექტიან პლატფორმებს მათი ჩართულობისთვის.

ფორუმი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული კავშირის გაზრდას, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების განხორციელებას რეგიონში და ქმნის დამატებით შესაძლებლობებს ურთიერთობისთვის ტრანს-კასპიის რეგიონის ყველა ქვეყანას შორის საერთო პროგრამების მეშვეობით.

ფორუმის ფარგლებში შეკრებილ დელეგატებს საშუალება ეძლევათ ინკლუზიური და პირდაპირი დიალოგი გამართონ ტრანს-კასპიის რეგიონის კოლეგებთან საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ამდენად, ფორუმი ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების პროგნოზირებადი, ჰარმონიზებული და ეფექტიანი დაცვისა და აღსრულების პროგრესს რეგიონში. აღსანიშნავია, რომ საქპატენტი ყალიბდება ერთ-ერთ ლიდერად რეგიონში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, რომელიც ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთან უზიარებს საქართველოს გამოცდილებასა და საეთაშორისო პრაქტიკას რეგიონის ქვეყნებს.

Businesspartner