ეკონომიკა
13/07/2021

ბაქო-თბილისი-ყარსით რეკორდული მოცულობის ტვირთი გადაიზიდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით რეკორდული მოცულობის ტვირთი გადაიზიდა.

2021 წლის 6 თვეში სარკინიგზო ხაზმა 11’084 TEU კონტეინერი გაატარა, მაშინ როცა 2020 წელს ჯამში 11 748 ერთეული იყო გადატანილი.

Adycontainer-ის ცნობით, ძირითადი დატვირთვა ტრანზიტულ ტვირთს ჰქონდა, რამაც 10 318 TEU შეადგინა. ძირითადი ტვირთი იყო ფერადი ლითონები, ქიმიური პროდუქტები, მარცვლეული, ტექსტილი და სამშენებლო მასალები.

ყველაზე მეტი ტვირთი — 3206 TEU — გადაიზიდა ყაზახეთი - თურქეთის მიმართულებით, უკანა მარშრუტზე იყო 552 ერთეული. ამასთან, ჩინეთიდან თურქეთში გაიგზავნა 2915 ერთეული კონტეინერი, 912 TEU თურქმენეთიდან, ხოლო 747 TEU უზბეკეთიდან.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წლის 30 ოქტომბერს. დღემდე რკინიგზით 33 267 ერთეული კონტეინერი გადაიზიდა, მათი 81% ტრანზიტული ტვირთია.

 

Businesspartner