ეკონომიკა
29/11/2021

ბაქო-სუფსის ნავთობსადენმა 700 მლნ ბარელი ნავთობი გაატარა

შავ ზღვაზე მდებარე სუფსის ტერმინალიდან დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსა) ნავთობით დატვირთული მე-1000 ტანკერი გავიდა. მილსადენის და ტერმინალის ოპერატორია კომპანია ბი-პი. 

650 000 ბარელი ნედლი ნავთობი კასპიის ზღვაში მდებარე აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან ჯერ სანგაჩალის ტერმინალის და შემდეგ აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მილსადენის გავლით ჩაიტვირთა მეათასე ტანკერზე, რომელმაც ტვირთი იტალიაში წაიღო.

"ბაქო-სუფსა ადრეული ნავთობის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია როგორც ჩვენთვის ასევე ჩვენი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოს ბიზნესპარტნიორებისათვის. ის უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის პირველი მაგალითია საქართველოში და რეგიონში. მეათასე ტანკერის ჩატვირთვა სუფსის ტერმინალზე ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა წელს, როდესაც ბი-პი საქართველოში 25 წლის იუბილეს აღნიშნავს",- განაცხადა აიტენ ჰაჯიევამ, ბი-პი-ს ხელმძღვანელმა საქართველოში.

1999 წლიდან დღემდე ბაქო-სუფსის ნავთობსადენმა 700 მილიონი ბარელი ნავთობი გაატარა. მისი წარმადობა დღეში 100 000 ბარელია,  2021 წლის განმავლობაში კი დღეში საშუალოდ 90 000 ბარელი იყო.  

"ჩვენთვის საამაყოა ბაქო-სუფსის მილსადენის საიმედო ექსპლუატაცია ორი ათეული წლის განმავლობაში, 1999 წელს პირველი ტანკრის დატვირთვის დღიდან",- აღნიშნა ელდარ გაზიევმა, ბი-პი-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონის საექსპორტო მილსადენების ექსპლუატაციის მენეჯერმა.