ეკონომიკა
07/07/2023

BAG-ში წევრი კომპანიების წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ

განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის შეხვედრის მთავარი საკითხები.

განათლების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საუბარი, ასევე, შეეხო შრომით ბაზარზე შექმნილ სირთულეებსა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის საკითხებს, რომელიც რეგულარულად სახელდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებში. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების თანახმად, პროფესიული კადრების დეფიციტი ბოლო სამი კვარტლის მიხედვით ნომერ პირველი გამოწვევაა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს მინისტრისთვის საკუთარი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ინოვაციური მექანიზმების შემუშავებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს განათლებისა და კვალიფიკაციის ნაკლებობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის აქტიური პარტნიორობა სახელმწიფოსთან, რადგანაც მოთხოვნადი კვალიფიკაციების გამოკვეთა და შესაბამისი კადრების მომზადება მხოლოდ სახელმწიფოსა და ბიზნესის სწორი კომუნიკაციით შეიძლება განხორციელდეს“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.