ეკონომიკა
21/01/2021

BAG-ში 1 თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში(BAG) 1  თებერვლიდან ეკონომიკის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდეს.

„ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ბიზნესმა პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID 19-ის დღის წესრიგით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საჭიროებების, რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა გაგრძელდეს პირველი თებერვლის შემდეგაც, ოღონდ ყოველგვარი ჩაკეტვის, წერტილოვანი თუ სექტორული შეზღუდვების გარეშე. 2021 წლის პირველი თებერვალი ის თარიღია, რომლის შემდეგაც დღის წესრიგის კორექტირებაა აუცილებელი ეკონომიკური საჭიროებებიდან, მწვავე გამოწვევებიდან გამომდინარე.

რასაკვირველია, უცვლელი უნდა დარჩეს და მკაცრად გაკონტროლდეს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ზომები, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა, დისტანციისა და პირბადის ტარების წესის დაცვა, პერიოდული ტესტირება თუ სხვა, რაზეც ეპიდემიოლოგები, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ბიზნესი შეთანხმდებიან.

თუმცა ეკონომიკის გახსნისა და სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება უნდა იყოს ცალსახა, პრინციპული და შეუქცევადი. ჩვენ მხოლოდ ამ გზით, შეგვიძლია დავამარცხოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი“  - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.